„საინტერესო წასაკითხი არსებული და მომავალი მეწარმეებისთვის“
ვფიქრობ, მე და ჩემს ჯიუტ გუნდს არ მოგვბეზრდება ამ თემაზე საუბარი – როგორ უნდა ფასდებოდეს ბიზნესი რეალურად და მარტივად – მანამდე, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ საქართველოში ბიზნესკულტურა ამ მხრივ ნამდვილად ვითარდება და იხვეწება.
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ჩვენი გუნდის მიერ კომპანიებში ფინანსური პროექტების განხორციელებისას, ზარალიანობისა და წარუმატებლობის მიზეზი ხშირად ძალიან მარტივ რამეში იმალება – იმაში, რაზეც ხელმძღვანელები ან არ ფიქრობენ, ან ვერ ასწრებენ დაფიქრებას.
საქმე იმაშია, რომ კომპანიებში ხშირ შემთხვევაში ხდება მხოლოდ ფაქტების აღწერა.
მაგალითად, ფინანსისტი ხელმძღვანელობას აწვდის ინფორმაციას:
- მარტში გაყიდვები იყო 4.2 მილიონი ლარი;
- გაყიდვები 10%-ით გაიზარდა;
- დაბრუნებული პროდუქციის წილი არის 3%;
- წმინდა მოგება შეადგენს 100,000 ლარს;
- და ა.შ.
ყველაფერი თითქოს სწორია, თუმცა ჩნდება მთავარი შეკითხვა – და მერე?
ფაქტების აღწერა თავისთავად არაფერს ცვლის.
ის უბრალოდ პასუხობს – რა მოხდა.
ბიზნესს კი სჭირდება პასუხი სხვა კითხვებზე:
- რატომ მოხდა?
- და რა მოხდება შემდეგ?
აქ იწყება ანალიტიკა/შეფასება!
იგივე მაგალითის ანალიტიკა, შესაძლოა, შემდეგნაირად გამოიყურებოდეს:
- გაყიდვების 10%-იანი ზრდა გამოწვეულია ახალი დისტრიბუციის არხით და მიზნობრივი აქციებით კონკრეტულ ობიექტებში;
- დაბრუნებების 3% ძირითადად მოდის ორ მაღაზიათა ქსელზე, სადაც პრობლემაა შენახვის პირობებსა და მომარაგებაში;
ანალიტიკაში უკვე ჩნდება ღირებულება, ციფრები გადაიქცევა აზრებად, ინფორმაცია – გადაწყვეტილების საფუძვლად.
მარტივად რომ ვთქვათ:
ფაქტები არის ციფრები. ანალიტიკა – აზრი ამ ციფრებზე.
დაფიქრდით, მას შემდეგ რაც ანალიტიკა/შეფასება გაკეთდება, ძალიან მარტივდება მიგნება. მიგნება კი ჭეშმარიტების აღმოჩენაა. წარმატებული მეწარმე კი ის ადამიანია, რომელიც ბიზნესში ჭეშმარიტებას აღმოაჩენს და მის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებებს.
მიგნება არის ის წამი, როცა ყველაფერი თავის ადგილს იკავებს, როცა ქაოსში უცებ ჩნდება წესრიგი,
როცა ციფრები იწყებენ „საუბარს“.
მიგნებას შეუძლია ქაოსში წესრიგის დამყარება, დაბნეულობის გადაქცევა მიხვედრილობაში. მიგნება არის სწორ გზაზე დადგომა და შეუჩერებლად სიარული.
შეჯამების სახით: მეწარმეებმა ყოველთვის უნდა იფიქრონ მიგნებების გაკეთებაზე და არა მხოლოდ ფაქტების აღწერაზე. ფაქტები გვიყვება ისტორიას, მაგრამ მიგნება გვიჩვენებს გზას!
გიორგი ბალესიაშვილი
მმართველი პარტნიორი
ქუდოს ჯორჯია
