+995 322 10 34 10 services@kudos.ge თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 61 FacebookInstagramLinkedIn
ბიზნესის დიაგნოსტიკა

დიმიტრი უზნაძე ფინანსურ მენეჯმენტში [და არა მხოლოდ]

შარშან წიგნების ერთ-ერთ მაღაზიაში ბროშურა დავინახე – დიმიტრი უზნაძის – „სახელდების ფსიქოლოგიური საფუძვლები“ – დაახლოებითი წარმოდგენა შევიქმენი ტექსტზე, შევიძინე. გაცილებით ღრმა აღმოჩნდა შინაარსი, ვიდრე მე ვფიქრობდი. იქ არსებული მიგნებების ინტერპრეტაცია ათასნაირად შეუძლია ადამიანს და მჯერა, რომ ტექსტის გაანალიზების შემდეგ, ბევრი ადამიანი იპოვის ფორმულას/გასაღებს თუ სინამდვილეში როგორ მოქმედებენ ადამიანები ბიზნესსა და ცხოვრებაში და რა ახდენს მათზე გავლენას გადაწყვეტილებების მიღების დროს.

უზნაძის მიგნებების დახმარებით, წინამდებარე სტატიაში შევეცდები მარტივად დავანახო მეწარმეებს, ფინანსისტებს, დამწყებ საქმოსნებს, სტუდენტებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს თუ როგორ შევხედოთ „რეალობას“ სხვაგვარად და როგორ მოვძებნოთ უკეთესი გადაწყვეტები საქმეში, თუმცა მანამდე შევეცადოთ ზოგადად გავიგოთ ტექსტის ლოგიკა, რის შემდეგაც მივალთ სტატიის მთავარ სათქმელამდე.

წიგნში უზნაძე მკითხველთან ერთად მსჯელობს, თუ როგორ ახდენს ადამიანი რაიმესთვის სახელის დარქმევას.

რას ნიშნავს სახელდება?

მარტივია! სახელდება ნიშნავს, როცა რაღაცას სახელს ვარქმევთ, თუმცა აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ რა ხდება ამ დროს ჩვენს გონებაში? სახელდება არის ფსიქოლოგიური აქტი და არა მხოლოდ ენობრივი. სახელდება ვითარდება გამოცდილების დაგროვებასთან ერთად. რაიმე სახის მოვლენას/საგანს სახელს ვარქმევთ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ჩვენ არ ვარქმევთ სახელებს „როგორც არის“, არამედ როგორც ვხედავთ და გვესმის. ჩვენ რეალობას კი არ ვასახელებთ ხოლმე, არამედ ჩვენს ინტერპრეტაციას.

ყველაზე მთავარი კი აქ იწყება!

ადამიანი როგორც დაარქმევს რაიმეს სახელს, ზუსტად იმგვარად იწყებს აზროვნებას. ამიტომ, სიტყვას/სახელის დარქმევას დავარქვათ აზროვნების ორგანიზების ინსტრუმენტი.

ე.ი. სიტყვა/დასახელება არის აზროვნების ტრიგერი, ბიძგის მიმცემი. აზროვნება კი რისი წინაპირობაა? ქცევის!

შესაბამისად, ჩვენი ყოველდღიური ქცევა უნდა გამომდინარეობდეს რაიმესთვის სახელის დარქმევიდან.

  • სახელდება – აზროვნება – ქცევა

ახლა კი საქმე!

მანამდე, სანამ სახელდებასა და ფინანსურ მენეჯმენტს პირდაპირ დავუკავშირებთ, ერთი თითქოს მარტივი, მაგრამ ღრმა დაკვირვება გავიხსენოთ: რამდენჯერ გვინახავს, რომ თანამშრომელი, რომელიც გუშინ ერთ პოზიციაზე იყო, დაწინაურების შემდეგ თითქოს სრულიად სხვა ადამიანი ხდება – სხვანაირად ფიქრობს, სხვანაირად იღებს გადაწყვეტილებებს და სხვანაირად მუშაობს.

ეს შემთხვევითი არ არის.

დიმიტრი უზნაძე თავის ნაშრომში „სახელდების ფსიქოლოგიური საფუძვლები“ გვთავაზობს იდეას, რომელიც ამ მოვლენას ძალიან ზუსტად ხსნის: სახელდება არ არის მხოლოდ ფორმალური აქტი – ის ქმნის მოლოდინს, როლს და შინაგან განწყობას. როდესაც ადამიანს რაღაცას ვარქმევთ, ჩვენ რეალურად ვუწერთ მას „ფსიქოლოგიურ პროგრამას“, რომლის მიხედვითაც ის იწყებს მოქმედებას.

ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს მაგალითს. როდესაც თანამშრომელი ხდება „მენეჯერი“, „ხელმძღვანელი“ ან „დირექტორი“, იცვლება არა მხოლოდ მისი ტიტული, არამედ მისი თვითაღქმა. ეს სიტყვა უკვე შეიცავს პასუხისმგებლობას, ძალაუფლებას, გადაწყვეტილების მიღების უფლებას. და რაც მთავარია, ის იწყებს საკუთარი თავის ამ სახელის შესაბამისობაში მოყვანას.

რაც შეეხება ფინანსურ მენეჯმენტს და ამ მის ფსიქოლოგიურ საფუძვლებს:

  • პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქმოსანი ადამიანი არ ჩაიძიროს საერთაშორისო თუ ადგილობრივი სტანდარტების ტერმინოლოგიაში, რადგან ეს ყოველივე ზღუდავს აზროვნებას და სწორედ ამ შეზღუდულმა აზროვნებამ განაპირობა მეტწილად საქართველოში ძალიან ცუდი პრაქტიკა, რაზეც მოგახსენებთ:

საქმე იმაშია, რომ საერთაშორისო სტანდრტების მიხედვით, შრომის ანაზღაურება, უმრავლეს შემთხვევაში, კვალიფიცირდება ხარჯად და ქართველი დამსაქმებლების უმრავლესობისთვის ეს დასახელება ყველაზე ზემოქმედებითი აღმოჩნდა.

მსჯელობისას, კომპანიამ აიყვანოს თუ არა კვალიფიციური თანამშრომელი, პირველ რიგში, ხელფასის ხარჯის გაღების ტერმინი შემოდის გონებაში, ხარჯის გაღება ადამიანს არ უყვარს! უმრავლესი დამქირავებელი თანამშრომლის დაქირავებას ხელფასის ხარჯად აღიქვამს და წინასწარ ნანობს, ნერვიულობს, თავს არიდებს ხარჯის გაღებას, ხარჯი ფსიქოლოგიურად ნიშნავს დაკარგვას, ტვირთს, შემცირებას და ამიტომაც ცდილობს თავად გააკეთოს (უხარისხოდ) დამატებითი საქმეები.

ვცადოთ რა მოხდება, თუ დამქირავებელი ხელფასის ხარჯს ინვესტიციას დაარქმევს, კვალიფიციურ ადამიანურ რესურსში ინვესტიციას, რომელიც, ძალიან მაღალი ალბათობით, კომპანიას უფრო ეფექტურს და მოგებიანს გახდის. ინვესტიციის დარქმების შემდეგ, აზროვნება სტრატეგიული გახდება და ქცევა – ლოგიკური. გავიხსენოთ – როგორც ვარქმევთ, ისე ვაზროვნებთ და ისე ვმოქმედებთ.

ფინანსური გადაწყვეტილებები მხოლოდ რიცხვების საფუძველზე არ მიიღება-ისინი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ „ვარქმევთ სახელს“ ამ რიცხვებს. მაგალითისთვის, ფინანსურ მოდელს/პროექტს შესაძლოა დავარქვათ „რისკიანიც“ და „შესაძლებლობა მაღალი უკუგებით“. რეალობა ორივე შემთხვევაში იგივეა, თუმცა ინტერპრეტაცია განსხვავებული.

  • ცოტაოდენი ფინანსურ ბიუჯეტირებაზეც ვთქვათ. ბიუჯეტი არ არის უბრალოდ რიცხვების ცხრილი, არამედ ფინანსური რეალობის სახელდების სისტემა.

მაგალითისთვის, კონკრეტული თვისა თუ წლის ბიუჯეტში როდესაც ვაფიქსირებთ და ვგეგმავთ შემდეგ ხარჯებს:

  1. მარკეტინგის ხარჯი – X ლარი;
  2. დაბრუნების კოეფიციენტი – Y%;
  3. სხვა არასაოპერაციო ხარჯი – Z ლარი.

ამ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ ვაფიქსირებთ მომავალს და ნაკლებად ვმართავთ მას. ვეცადოთ, რომ გამოვიყენოთ შემდეგი ტერმინოლოგია:

  1. შემოსავლის ზრდის ინვესტიცია [მ.შ. მარკეტინგი] – X ლარი;
  2. დაკარგული ფული – Y ლარი;
  3. არაეფექტური ოპერაციები – Z ლარი.

ამ შემთხვევაში კი იწყება მართვა. გუნდი აღარ უყურებს მხოლოდ რიცხვებს, არამედ იწყებს გაგებას.

რაც შეეხება CFO-ს როლს კომპანიაში: მასზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, ხშირ შემთხვევაში, მე ამ პოზიციას „მომავლის დამცველს“ ვარქმევ ხოლმე. მნიშვნელოვანია თუ რა სახის ტერმინებს გამოიყენებს ფინანსისტი კონკრეტული სცენარის ახსნის დროს.

ერთი და იგივე ფინანსური რეალობა შეიძლება ისე დაასახელოს, რომ:

  • ან შექმნას სიფრთხილე
  • ან წაახალისოს რისკი
  • ან გადაანაწილოს ყურადღება

კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმისთვის, რომ უფრო ცხადი გავხადოთ სახელდების ფსიქოლოგია, თუმცა, მგონია, რომ ეს მარტივი და მოკლე სტატია დააფიქრებს მკითხველს და თავადაც გააკეთებს ინტერპრეტაციებს.

გვახსოვდეს, რომ ფინანსისტი არ მართავს მხოლოდ რიცხვებს. ფინანსისტი მართავს იმას, თუ როგორ აღიქვამენ ამ რიცხვებს და სწორედ აქ ერთიანდება ფინანსები და ფსიქოლოგია.

  • თუ გინდა შეცვალო შედეგი – შეცვალე, რას დაარქმევ მას.
  • თუ გინდა შეცვალო ბიზნესი – შეცვალე მისი ენა.
  • რადგან რეალობას კი არ ვმართავთ – ჩვენ ვმართავთ მის ინტერპრეტაციას!

გიორგი ბალესიაშვილი

მმართველი პარტნიორი

Kudos Georgia