თანამედროვე სამყარო დიდი ცვლილებებისა და გარდატეხის ეპოქაში იმყოფება, სადაც რესურსების მნიშვნელობა და მათზე ხელმისაწვდომობა ფუნდამენტურად შეიცვალა. 21-ე საუკუნეში, ყველა სხვა შეზღუდულ რესურსს შორის, ადამიანური რესურსი ყველაზე დეფიციტური და კომპანიის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდა. ფინანსური თუ ტექნოლოგიური შესაძლებლობები თავის ფასს კარგავს, როდესაც ორგანიზაცია სწორი თანამშრომლების ნაკლებობას განიცდის. სწრაფად ცვლად ბიზნესგარემოში კომპანიები ვალდებულნი არიან ფეხი აუწყონ გამოწვევებს და ააჩქარონ პროცესები, რათა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ.
ხშირად კომპანიის მენეჯმენტი ხვდება, რომ შიდა პროცესები ხარვეზებით მიმდინარეობს: იზრდება თანამშრომლების გადინება, ხოლო დემოტივირებული პერსონალი ვერ აღწევს დასახულ მიზნებს. ამასთან არსებობს მრავალი „დამალული“ საკითხი, რაც მთლიანობაში არაჯანსაღ გარემოსა და შრომის ნაყოფიერების შემცირებას განაპირობებს.
კომპანიის წარმატების საკვანძო ფაქტორები
ექსპერტების შეფასებით ორგანიზაციული სტაბილურობისა და ზრდისთვის აუცილებელია რამდენიმე ძირითადი პირობის უზრუნველყოფა:
- კმაყოფილი თანამშრომელი და არაქაოტური გარემო;
- თანამშრომელი, რომელიც არ არის გადამწვარი და რომელსაც აქვს განვითარების დრო და სურვილი;
- გარემო, სადაც ყველამ იცის, რას აკეთებს, რაზეა პასუხისმგებელი და ვის შეიძლება მიმართოს პრობლემის გაჩენისას;
- სანდო და ღია გარემო (მენეჯმენტთან, მათ შორის, HR-თან);
- არადისკრიმინაციული და სამართლიანი სახელფასო და სამოტივაციო სისტემა.
- ონბორდინგის ეფექტური სისტემა;
- HR მართვის სისტემის (მ.შ. დოკუმენტაციის) გამართულობა, კანონთან შესაბამისობა, თანამშრომლისა და დამსაქმებლის ინტერესების ბალანსი.
HR აუდიტის არსი და სერვისის არეალი
HR აუდიტის სერვისი სწორედ ამ გამოწვევების სიღრმისეულ ანალიზზეა კონცენტრირებული. სერვისის ფარგლებში შეისწავლება ძირითადი საოპერაციო პროცესები, ტარდება ინტერვიუები თანამშრომლებთან და მოწმდება დოკუმენტაცია, მათ შორის სახელფასო და სამოტივაციო სისტემები. ჩატარებული კვლევის შედეგად ვლინდება თანამშრომლების გადინების მიზეზები, პერსონალის ეფექტურობა, სტრუქტურული ერთეულების დატვირთვა და შრომის ინსპექციის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
კვლევის პროცესში HR აუდიტი პასუხობს შემდეგ ძირითად შეკითხვებს:
- რატომ მიდიან თანამშრომლები და რატომ არ აქვთ უფრო ეფექტურად მუშაობის სურვილი?
- რამდენად ოპტიმალურია თანამშრომელთა რაოდენობა კონკრეტულ პოზიციებსა თუ სტრუქტურულ ერთეულებში?
- რამდენად დაცულია არსებული დოკუმენტაციით კომპანიისა და თანამშრომლის უფლებები?
- შეგექმნებათ თუ არა პრობლემები შრომის ინსპექციის შემოწმებისას?
გარდა ამისა, HR აუდიტი ორგანიზაციებს სთავაზობს განახლებული სტრუქტურის მოდელს, ვლინდება ზრდის შემაფერხებელი დაბრკოლებები და, საჭიროების შემთხვევაში, მუშავდება ახალი სამოტივაციო თუ სახელფასო სისტემები.
ვისთვის არის განკუთვნილი HR აუდიტი?
HR აუდიტის ჩატარება პერიოდულად ყველა ტიპის კომპანიისთვის რეკომენდებულია. მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანია ზუსტი ინფორმაციის ფლობა არსებული გარემოსა და თანამშრომელთა განწყობების შესახებ, განსაკუთრებით მასშტაბური ცვლილებების დაგეგმვამდე. ხშირად ორგანიზაციის ხელმძღვანელობა პრობლემას, მაგალითად, დაბალ ანაზღაურებაში ხედავს, თუმცა რეალური მიზეზი შესაძლოა არასწორ ონბორდინგში, პასუხისმგებლობების გაურკვევლობასა თუ მართვის სტილში იმალებოდეს. კარგი თანამშრომლის მოზიდვაზე არანაკლები გამოწვევაა მათში ისეთი დაინტერესების გაჩენა, რომ საკუთარი პროფესიონალიზმი კომპანიის საკეთილდღეოდ გამოიყენონ.
გარე კონსულტანტების ჩართულობის უპირატესობა
გარე კონსულტანტების მიერ ჩატარებული HR აუდიტი მაქსიმალურად გამორიცხავს სუბიექტურ ფაქტორებს. თანამშრომლები უფრო ღიად საუბრობენ არსებულ გამოწვევებზე დამოუკიდებელ ექსპერტებთან. გარდა ამისა, შიდა პერსონალს ხშირად უჭირს საკუთარი შექმნილი დოკუმენტაციისა თუ პროცესების ობიექტური შეფასება.
გარე თვალით დაკვირვება საშუალებას იძლევა, კომპანიამ საკუთარ საქმიანობას განსხვავებული რაკურსით შეხედოს და დასვას ისეთი შეკითხვები, რომლებზე მსჯელობაც შიდა გუნდში, შესაძლოა, უხერხულობას იწვევდეს. წლების განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკა აჩვენებს, რომ წარმატებულ კომპანიებსაც კი უჭირთ ყველა მიმართულების თანაბრად განვითარება, HR აუდიტი კი სწორედ ამ ბალანსისა და ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის მიღწევის საუკეთესო ინსტრუმენტია.
Kudos Georgia-ს HR აუდიტის სერვისის მიმართულების ხელმძღვანელი
ანა მიქელაძე
