+995 322 10 34 10 services@kudos.ge თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 61 FacebookInstagramLinkedIn
ბიზნესის დიაგნოსტიკა

ბიზნესის ღირებულებაზე მოქმედი ფაქტორები

ბიზნესის ღირებულება მნიშვნელოვანია როგორც მფლობელებისა და ინვესტორებისთვის, ასევე საგადასადო ორგანოსთვის და მთლიანად ეკონომიკისთვის. თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების პირობებში არ არსებობს კომპანიის „სწორი“ ან „დადგენილი“ ფასი – ყველაფერს მოთხოვნა და მიწოდება განსაზღვრავს. Kudos Georgia-ს მმართველი პარტნიორი, ალექსანდრე მარგიშვილი მიმოიხილავს ბიზნესის ღირებულების გამოთვლისას გასათვალისწინებელ ფაქტორებს.

რა ღირს კომპანია?

კომპანიის წილის გასხვისებისას ყოველთვის ისმება კითხვა: რა ღირს კომპანია? ბუნებრივია, არსებულ მეწილეს სურს, რაც შეიძლება ძვირად გაყიდოს კომპანია / თავისი წილი, ხოლო პოტენციური ინვესტორის ინტერესშია, შეძლებისდაგვარად მინიმალურ ფასად შეიძინოს კომპანიაში წილი. არსებული მეწილე ხშირად უკვე განხორციელებულ ინვესტიციებსა და აკუმულირებულ მოგებას აჯამებს, სასურველ კოეფიციენტზე ამრავლებს და ასახელებს თანხას, რომლის მიღების შემთხვევაში გული არ დასწყდებოდა ფირმასთან დამშვიდობებით. პოტენციური მყიდველი კი უფრო სამომავლო მოგებითაა დაინტერესებული და შესაბამიად, ცდილობს, რაც შეიძლება რეალური პროგნოზი გააკეთოს, თუ რას დააგენერირებს კომპანია მომავალი 3-5-10 წლის განმავლობაში და დაადისკონტიროს ეს თანხები დღევანდელი ღირებულების გამოსაანგარიშებლად.

შინაგანი ღირებულება

ინვესტორები ხშირად მიმართავენ „შინაგანი ღირებულების“ (intrinsic value of a business) გამოთვლის მეთოდს, რათა გადაწყვიტონ უღირთ თუ არა კომპანიაში ინვესტირება. შინაგანი ღირებულება აბსტრაქტული ცნებაა და როგორც წესი, არ ემთხვევა არც კომპანიის კაპიტალის საბალანსო ღირებულებას და არც – საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებულ მიმდინარე კაპიტალიზაციას. შინაგანი ღირებულება ეფუძნება შემფასებლის გათვლებს, თუ რამდენ მოგებას დააგენერირებს კომპანია მაქსიმალურად გრძელი სამომავლო პერიოდის განმავლობაში.

ფულადი ნაკადების დისკონტირებული ღირებულება

ბიზნესში ინვესტირების აზრი უკუგების მიღებაში მდგომარეობს. საბოლოო ანგარიშით ყველაზე მნიშვნელოვანი საზომი ფულის გენერაციაა იმ ფასის სანაცვლოდ, რაც ინვესტორმა წილში / აქციაში გადაიხადა. ეფექტური ფინანსური მენეჯმენტი ამ პროცესში კრიტიკულ როლს ასრულებს. შესაბამისად, ფულადი ნაკადების დისკონტირებული ღირებულება კომპანიის შეფასების ძალიან მნიშვნელოვანი საზომია. შემფასებელი პროგნოზირებს მომავალი გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში რა ოდენობის თავისუფალ ფულს (free cash flow) დააგენერირებს კომპანია და მიღებულ თანხებს ამცირებს გარკვეული კოეფიციენტით, რათა გამოთვალოს მათი დღევანდელი ღირებულება. მიუხედავად ამ მეთოდის ფართო გავრცელებისა მას ორი დიდი მინუსი ახასიათებს: 1. სამომავლო მოგების პროგნოზირება ძალიან რთულია და მცირე შეცდომამ ან განუსაზღვრელობამ შეიძლება, უზარმაზარი ცდომილება გამოიწვიოს და 2. დისკონტირების კოეფიციენტი, რომელსაც დღეს გამოვიყენებთ, შესაძლოა, შეუფერებელი აღმოჩნდეს 2-3 წლის შემდეგ და შესაბამისად, სრულიად განსხვავებულ ღირებულებაზე გავიდეთ.

თხრილი ბიზნესის გარშემო

შუა საუკუნეებში მებრძოლები ციხესიმაგრის გარშემო აკეთებდნენ თხრილს (moat), რათა თავდამსხმელებისთვის ხელი შეეშალათ ციხის აღებაში. დღევანდელი კორპორაციები ხშირად ცდილობენ, გამოიყენონ ანალოგიური თავდაცვითი ინსტრუმენტები, რათა კონკურენტებს ბაზრის წილის დაპყრობაში შეუშალონ ხელი. „ბიზნესის გარშემო თხრილს“ ასევე უწოდებენ „გრძელვადიან კონკურენტულ უპირატესობას“ – ნებისმიერი ისეთი სახის გარემოებას, რომელიც განაპირობებს კომპანიის და მისი ბრენდების „აუღებლობას“. მაგალითისთვის, Apple-ის ბრენდის მიმართ მომხმარებლების უსაზღვრო ლოიალურობა შეიძლება, ჩაითვალოს ამ კორპორაციის თხრილად, რომლის დაძლევა კონკურენტებს ძალიან უჭირთ.

ბიზნესის შეფასებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია რამდენად ღრმა და ფართოა „თხრილი“, რომელიც მას იცავს კონკურენტებისგან. მისი მნიშვნელობის გამოთვლა საკმაოდ რთულია და ათასმა ინვესტორმა შესაძლოა, ათი ათასი განსხვავებული დასკვნა გამოიტანოს ასეთი გამოთვლით.

საბაზრო ღირებულება

საფონდო ბირჟაზე განთავსებული კორპორაციების კაპიტალიზაცია, ანუ თითო აქციის ფასი გამრავლებული გამოშვებული აქციების რაოდენობაზე, ასახავს ბიზნესის მიმდინარე საბაზრო ღირებულებას. როგორც ცნობილია, აქციის ფასი და შესაბამისად, კომპანიის კაპიტალიზაცია შეიძლება, სწრაფად და ხშირად შეიცვალოს და საკმაოდ დრამატულადაც. ბუნებრივია, კომპანიის „რეალური“ ღირებულება ვერ იქნება ისეთი ცვალებადი, როგორც აქციის ფასი ბირჟაზე. ფლუქტუაცია განპირობებულია იმით, რომ საბაზრო ღირებულებაზე მოქმედებს ინვესტორების მხრიდან გამოვლენილი მოთხოვნისა და მიწოდების დინამიური პროცესები. ზემოთ ნახსენები „შინაგანი ღირებულება“ შეიძლება თვეების და წლების განმავლობაში არ იცვლებოდეს, ხოლო საბაზრო ღირებულება დღეში რამდენჯერმე ხან აღემატებოდეს და ხან ჩამოუვარდებოდეს intrinsic value-ს.

ინვესტირების საკმაოდ გავრცელებული ფილოსოფია – Value Investing – სწორედ საბაზრო ღირებულებასა და შინაგან ღირებულებას შორის დიდი განსხვავების მოძიებასა და გამოყენებას ეფუძნება. ასეთი ინვესტორები იძენენ იმ კომპანიების აქციებს, რომელთა საბაზრო ღირებულება ბირჟაზე 30-50-70 ან მეტი პროცენტით ჩამოუვარდება მათ მიერ ნავარაუდებ შინაგან ღირებულებას. ასეთ დიდ განსხვავებას ფასსა და ღირებულებას შორის „უსაფრთხოების დიაპაზონს“ (margin of safety) უწოდებენ.

სხვადასხვა ფაქტორები

ბიზნესის ღირებულებაზე კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი მოქმედებს: მენეჯმენტის გუნდის სიძლიერე, საოპერაციო ეფექტიანობის მაჩვენებლები, სავაჭრო უპირატესობა მომწოდებლებისა და მომხმარებლების წინაშე, ტექნოლოგიური აღმატებულობა კონკურენტებთან მიმართებაში, აქტივების „ხარისხი“ (მ.შ. ინტელექტუალური საკუთრების), ბრენდის ღირებულება, ბაზარზე არსებული ვითარება ანალოგიური კომპანიების წილების მიმართ მოთხოვნის კუთხით, აუდიტორის მოსაზრება, რეგულირების დონე და კადრების პროდუქტიულობა. საბოლოო ანგარიშით ბიზნესის ღირებულების განსაზღვრაში გადამწყეტ როლს მაინც ის მოსალოდნელი მომგებიანობის ანალიზი ასრულებს, რომელსაც ეფუძნება ინვესტორი.

ალექსანდრე მარგიშვილი

მმართველი პარტნიორი

„ქუდოს ჯორჯია“