+995 322 10 34 10 services@kudos.ge თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 61 FacebookInstagramLinkedIn
ბიზნესის დიაგნოსტიკა

მზად ხართ აუდიტისთვის? დაუყოვნებლივ გადასაწყვეტი ექვსი საკითხი

ფინანსური ანგარიშგების დაწყებამდე კომპანიების უმრავლესობა აიგნორებს მოსამზადებელ ეტაპზე განსახორციელებელ პროცესებს, არადა სწორედ ამ დროს წყდება ხოლმე, იქნება აუდიტი ეფექტიანი, დროული და დაბალხარჯიანი, თუ საფინანსო სამსახურში გამოიწვევს ქაოსს და ფრუსტრაციას. Kudos Georgia წარმოგიდგენთ აუდიტისთვის მომზადების საკვანძო საკითხებს, რომლებიც დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ გაუგებრობებს, ზედმეტ ფინანსურ რისკებსა და დროის დაკარგვას.

1. სრულფასოვანი და სწორად დამოწმებული დოკუმენტაცია

აუდიტის პროცესის საფუძველია სრული, ორგანიზებული და ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია. მოამზადეთ:

  • საბუღალტრო ბაზა, ტრანზაქციების ჩანაწერები და გადასახადების დაანგარიშების სამუშაო ფაილები
  • პირველადი დოკუმენტები (ანგარიშ-ფაქტურები, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები)
  • საბანკო ამონაწერები და ფულის მოძრაობის უწყისები
  • კრედიტორ-დებიტორებთან შედარებისა და მათი დადასტურების წერილები

2. ძირითადი საშუალებების აღრიცხვა

აუდიტის დროს ხშირად გამოვლენილი ხარვეზია ძირითადი საშუალებების არასრულად აღრიცხვა ან ცვეთა-ამორტიზაციის არასწორი დარიცხვა. დარწმუნდით, რომ:

  • ყველა კუთვნილი აქტივი ასახულია ბალანსში
  • გასხვისებული, ჩამოწერილი ან სხვაგვარად ხელმიუწვდომელი აქტივები ამოღებულია ბალანსიდან (მოქმედი კანონმდებლობის, საგადასახადო კოდექსისა და აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად)
  • ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია ტარდება საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ თარიღში
  • არსებობს ინვენტარიზაციის აქტები და მათი ჩატარების შემდგომ გადადგმული ნაბიჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები
  • ცვეთა აღრიცხულია კანონმდებლობით განსაზღვრულ წესების შესაბამისად
  • ძირითადი საშუალებების თითოეული ერთეული ხელმისაწვდომია აუდიტორის მიერ იდენტიფიცირებისა და ინსპექტირებისთვის

3. შემოსავლების აღიარება და აღრიცხვა

აუდიტის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხია შემოსავლების აღიარების მართლზომიერება. არასწორად აღრიცხული შემოსავლები არამხოლოდ აუდიტის შენიშვნებს იწვევს, არამედ საეჭვოს ხდის კომპანიის მთელს ფინანსურ შედეგს. აუდიტორისთვის და შემდგომ ყველა სხვა დაინტერესებული მხარისთვის შემოსავლების ზუსტად წარმოჩენა აუცილებელია ფინანსური ანგარიშგების სანდოობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

როგორ აღირიცხოს შემოსავლები სწორად:

  • დარიცხვისა და პერიოდის შესაბამისობის დაცვა

შემოსავალი უნდა აღირიცხოს იმ პერიოდში, როდესაც ეკონომიკური სარგებელი რეალურად წარმოიშვა — ანუ არა მაშინ, როდესაც თანხა ჩაირიცხა, არამედ როცა პროდუქტი მიეწოდა ან მომსახურება შესრულდა.

  • დოკუმენტური მტკიცებულებები

ყველა აღიარებული შემოსავალი უნდა იყოს დასაბუთებული შესაბამისი დოკუმენტით — ანგარიშ-ფაქტურით, ხელშეკრულებით, მიღება-ჩაბარების აქტით ან მომსახურების დამადასტურებელი აქტით.

  • რეალურობის პრინციპი

შემოსავალი უნდა ასახავდეს რეალურ და დასრულებულ ოპერაციას. დროის მანძილზე გაწვდილი მომსახურების შემთხვევაში აუცილებელია ეტაპობრივი აღიარების პრინციპის გამოყენება.

  • შეთანხმებული აღრიცხვის პოლიტიკა

აუცილებელია არსებობდეს შემოსავლების აღიარების მკაფიო, ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკა, რომელიც დოკუმენტურად არის დამტკიცებული მენეჯმენტის მიერ და თავსებადია ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტებთან (მაგ. IFRS, IFRS for SMEs).

  • ბონუსები, ფასდაკლებები, საკომისიოები

აუცილებელია, ღირებულების შემამცირებელი ტრანზაქციები სწორად იქნეს ასახული შემოსავლის წმინდა ოდენობაში – ხშირად სწორედ აქ ვლინდება მნიშვნელოვანი ხარვეზები.

4. ტიპური შეცდომების გამოსწორება

აუდიტი, რომელიც დროულად და ეფექტურად უნდა ჩატარდეს, ხშირად ფერხდება ისეთი მიზეზებით, რომლებიც ადვილადაა თავიდან აცილებადი. ქვემოთ მოყვანილია ყველაზე გავრცელებული პრობლემები, რომლებიც მნიშვნელოვნად აფერხებენ აუდიტს, ზრდიან ხარჯებს და უარყოფითად მოქმედებენ აუდიტორის დამოკიდებულებაზე კომპანიის მიმართ.

გაუმართავი საბუღალტრო პროგრამა

ბევრ კომპანიას ჯერ კიდევ არა აქვს სტაბილური, სრულად ფუნქციური და ინტეგრირებული საბუღალტრო სისტემა, რასაც მოჰყვება ხოლმე:

  • ჩანაწერების დაკარგვა ან დუბლირება
  • კონტრაგენტების არაზუსტი ან არაეფექტური აღრიცხვა
  • ავტომატური ანგარიშგების უქონლობა, რაც აუდიტს ართულებს

არარეგულარული ბუღალტრული აღრიცხვა

დაგვიანებული ან ფორსირებული აღრიცხვა ნიშნავს, რომ ინფორმაცია არ ასახავს რეალურ პერიოდს და აუდიტორს უწევს ტრანზაქციების დამატებითი გადამოწმება. ხშირია შემთხვევები, როდესაც:

  • აღრიცხვა განხორციელებულია თვის ბოლოს ერთიანად
  • არ ხდება დროული კონტროლი წვდომებზე და კორექტირებებზე
  • თანხები ან ღირებულებები დარიცხულია არასწორ კატეგორიებში

თანამშრომლების მხრიდან დაგვიანებული რეაგირება

აუდიტი საჭიროებს სწრაფად მიწოდებულ ინფორმაციას, დოკუმენტაციასა და განმარტებებს. როდესაც კომპანიაში:

  • პასუხისმგებელი პირები დაკავებულნი არიან სხვა დავალებებით
  • არ არის დანიშნული აუდიტის კოორდინატორი
  • კომუნიკაცია მიმდინარეობს დაუგეგმავად და სპონტანურად

ამან შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს აუდიტის პროცესი და დაარღვიოს გრაფიკი.

აუდიტორის კითხვებზე პასუხების არარსებობა ან გაურკვევლობა

აუდიტის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ეტაპია აუდიტორის მიერ დასმული კითხვების სწრაფი და ზუსტი პასუხებით უზრუნველყოფა. პრობლემები ჩნდება, როდესაც:

  • დოკუმენტაცია ბუნდოვანია ან არ არსებობს
  • განმარტებები მოდის არაკომპეტენტური წყაროებიდან
  • პასუხები წინააღმდეგობაში მოდის აღრიცხულ მონაცემებთან

5. აუდიტისთვის მზადების პროცესში პროფესიული მხარდაჭერის გამოყენება

აუდიტისთვის მზადება კომპანიისგან მოითხოვს მნიშვნელოვან რესურსებს, ყურადღებასა და დროის მენეჯმენტს. აუდიტის წინა ეტაპზე პროფესიონალ პარტნიორთან თანამშრომლობა გაგიმარტივებთ მთელ პროცესს და უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგს.

რას გთავაზობთ Kudos Georgia?

დოკუმენტაციის მოწესრიგება და სტრუქტურირება

  • საბუღალტრო და ფინანსური დოკუმენტების მომზადება აუდიტის მოთხოვნების შესაბამისად
  • საქმისწარმოებისა და აღრიცხვის სტანდარტიზაცია და გაციფრულება
  • გასული პერიოდების დოკუმენტაციის გადამოწმება სისრულისა და შესაბამისობის თვალსაზრისით

შიდა კონტროლის სქემების დახარისხება და დახვეწა

  • კომპანიის შიდა პროცესების შეფასება და რისკების იდენტიფიცირება
  • კონტროლის სუსტი წერტილების გამოვლენა და გაძლიერების რეკომენდაციები
  • აუდიტისთვის საჭირო საკონტროლო პოლიტიკებისა და პროცედურების დოკუმენტირება

მთავარი შეცდომების იდენტიფიცირება

  • გადაცდომების აღმოჩენა აღრიცხვის, კლასიფიკაციის ან პერიოდიზაციის მიმართულებებით
  • სესხებისა და აქტივების არაკორექტული ასახვის ანალიზი
  • შემოსავლების, ხარჯებისა და გადასახადების არასწორი აღრიცხვის შემთხვევების გამოვლენა

პროფესიონალური კომუნიკაცია აუდიტორთან

  • აუდიტორის ყველა კითხვაზე სისტემური და დოკუმენტურად გამყარებული პასუხის მომზადება
  • კომუნიკაციის ფუნქციის შეთავსება (არ იხარჯება შიდა გუნდის დრო)
  • აუცილებელი განმარტებების მიწოდება აუდიტის სტანდარტებთან შესაბამისი ენითა და ფორმატით

6. შიდა კონტროლის პროცედურების გამართვა

აუდიტის დროს შეფასების ერთ-ერთი მთავარი ასპექტი არის კომპანიის შიდა კონტროლის მექანიზმები. ფინანსური მონაცემები შეიძლება ზედაპირულად სწორად გამოიყურებოდეს, მაგრამ თუ იმ სისტემებსა და პროცედურებს, რომლებზეც ეს მონაცემები დგას, აკლია გამართულობა და სტანდარტი, აუდიტორის შეფასება აუცილებლად ასახავს ამ სისუსტეს.

Kudos Georgia გთავაზობთ განახლებულ ხედვას იმაზე, თუ რა ელემენტები ქმნის ეფექტურ შიდა კონტროლს და როგორ უნდა მოემზადოთ ამ მიმართულებით აუდიტისთვის.

აუდიტორი შეაფასებს არა მხოლოდ ციფრებს, არამედ პროცესებსაც:

ვინ ამტკიცებს ხარჯებს?

  • არსებობს თუ არა ხარჯების ავტორიზაციის მკაფიო პოლიტიკა?
  • განსაზღვრულია თუ არა ლიმიტები სხვადასხვა პოზიციისთვის?
  • ხორციელდება თუ არა დამოუკიდებელი შემოწმება დამტკიცებამდე?

როგორ ხდება ფულის გადახდა და შემოსული თანხის აღრიცხვა?

  • არსებობს თუ არა სეგრეგაცია: ვიღაც აინიცირებს გადახდას, სხვას აქვს დამტკიცების უფლება და სხვას — განხორციელების?
  • როგორ ხდება გადახდების დოკუმენტური დადასტურება?
  • რამდენად ეფექტიანია თანხის მიღებისა და ჩარიცხვის აღრიცხვის პროცედურა?

როგორ იცავთ აქტივების უსაფრთხოებას?

  • ატარებთ თუ არა პერიოდულ ფიზიკურ ინვენტარიზაციას?
  • არსებობს თუ არა წვდომების მართვის სისტემა ფიზიკურ და ციფრულ აქტივებზე?
  • არის თუ არა გამოყენებული პასუხისმგებელი პირების ხელმოწერით დადასტურებული, გაკონტროლებული მექანიზმები?

შეჯამება

აუდიტი ბიზნესისთვის არა მხოლოდ ვალდებულებაა — ეს არის სერიოზული შესაძლებლობაც: სწორად წარმოდგენილი ფინანსური სურათი ზრდის ნდობას ბანკებთან, ინვესტორებთან და პარტნიორებთან.
დაგვიკავშირდით, რომ მიიღოთ Kudos Georgia-ს მიერ სპეციალურად შემუშავებული აუდიტისთვის მზადყოფნის კითხვარი და შეამოწმეთ, რამდენად მზად ხართ აუდიტის პროცესისთვის: services@kudos.ge