ბოლო წლებში საქართველო დამაჯერებლად იმკვიდრებს თავს აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო დერეფნის ერთ-ერთ ცენტრალურ რგოლად. ინფრასტრუქტურული ინვესტიციების, სატრანზიტო მიმოსვლის უწყვეტი ზრდისა და ჩვენი გეოგრაფიული უპირატესობების გათვალისწინებით, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორი ყოველწლიურად იზრდება. განვითარების პოზიტიური შედეგების პარალელურად თავს იჩენს ფინანსური მართვის ხარვეზები, რაც ათასობით კომპანიას აზარალებს.
დარგის მოკლე მიმოხილვა
2024 წელს ლოგისტიკის დარგის ბრუნვა საქართველოში 10 მილიარდ ლარს გასცდა (წლიური ზრდა: 8.5%). სექტორში დასაქმებულია დაახლოებით 64,000 ადამიანი, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება შეადგენს 2,350 ლარს.
დღესდღეობით საქართველოში 5,200-ზე მეტი კომპანია ფუნქციონირებს ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში. მათგან:
4,700 (90.4%) – მიკრო (IV ზომითი კატეგორია);
410 (7.9%) – მცირე (III ზომითი კატეგორია);
70 (1.3%) – საშუალო (II ზომითი კატეგორია); და
20 (0.4%) – მსხვილი (I ზომითი კატეგორია).
სექტორი ძლიერ ფრაგმენტირებულია და მეტწილად წარმოდგენილია მიკრო და მცირე ბიზნესებით (დარგის 98.3%), რომლებსაც ხშირად არ აქვთ გამართული ფინანსური აღრიცხვა და პროცესების კონტროლი.
სექტორი იზრდება, მაგრამ ფინანსური დისციპლინა მოიკოჭლებს
მრავალი მცირე და საშუალო ლოგისტიკური კომპანია დღესაც ძველი მეთოდებით აწარმოებს ფინანსურ და მმართველობით აღრიცხვას. ისინი არ აცალკევებენ ხარჯებს პირდაპირ და არაპირდაპირ კატეგორიებად, არ აფასებენ მომგებიანობას ადგილმდებარეობის, მარშრუტის ან კლიენტის დონეზე, არ ითვალისწინებენ აქტივების ცვეთას ან/და არ აანალიზებენ მომგებიანობას ტვირთის სახეობების მიხედვით. შედეგად, კომპანიები არასწორად განსაზღვრავენ მომსახურების ფასს, ხშირად ემსახურებიან ზარალიან მიმართულებებს, ან ვერ ამჩნევენ მომგებიანი ხაზების პოტენციალს. მრავალი კომპანია კვლავ ეყრდნობა საბაზისო ბუღალტერიას, რომელიც მხოლოდ საგადასახადო შესაბამისობას ემსახურება. მენეჯერული აღრიცხვა – მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ხარჯების, მომგებიანობის, პროდუქტიულობის და ოპერაციული რისკების დეტალურ ანალიზს – ან საერთოდ არ არსებობს, ან არ არის გამართული. დაგვიანებული ან არასრული ფინანსური თუ მმართველობითი ინფორმაცია იწვევს ფულადი სახსრების დეფიციტს, არასწორ ინვესტიციებს და საბოლოოდ – ფარული ზარალის დაგროვებას.
რეგულაციები და შესაბამისობა: ახალი გამოწვევები ლოგისტიკური კომპანიებისთვის
სექტორში მოქმედ ფირმებს მზარდი ნორმატიული მოთხოვნები სულ უფრო მძიმე ტვირთად აწვებათ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლეა NCTS (New Computerized Transit System) სისტემის დანერგვა, რაც გულისხმობს ტრანზიტული ოპერაციების ელექტრონულ მართვას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.
NCTS-ის დანერგვა გულისხმობს:
- ტრანზიტის დადასტურების, მონიტორინგის და დასრულების პროცესების ავტომატიზაციას,
- სინქრონიზირებული მონაცემების გაცვლას საბაჟოებთან რეალურ დროში,
- ყოველ სატრანზიტო გზავნილზე მონაცემების დეტალურ აღრიცხვას და კორექტულ ასახვას NCTS სისტემაში;
- სადაზღვევო და ფინანსური ხარჯების მკვეთრ ზრდას, და
- შესაბამისობის კონტროლის მკაცრ რეგულაციას.
ამ პროცესმა მნიშვნელოვნად გაზარდა საბუღალტრო და ოპერაციული დოკუმენტაციის სიზუსტესა და დროულობაზე მოთხოვნა.
ეფექტიანობის დაბალი მაჩვენებლების მაგალითები ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის სექტორში:
- მარშრუტების არაეფექტიანი დაგეგმვა:
პარალელურ მიმართულებებზე გაგზავნილი რამდენიმე მანქანა არასრული დატვირთვით (მაგალითად, 40%-ით სავსე ფურგონები), რაც იწვევს საწვავისა და შრომითი რესურსის გაფლანგვას.
- საწვავის ხარჯის ვარიაცია:
სხვადასხვა მძღოლის მიერ იდენტურ მარშრუტზე განხორციელებული გადაზიდვებზე საწვავის გახარჯვა მერყეობს 23 ლ / 100 კმ-დან 35 ლ / 100 კმ-მდე დიაპაზონში, რაც მიუთითებს საწვავის მოხმარების კონტროლის არარსებობაზე და ფინანსურ დანაკარგებზე. მენეჯმენტი ვერ აკონტროლებს ვერც მძღოლების ქცევას და ვერც სატვირთო მანქანების ტექნიკურ მდგომარეობას.
- ქვეკონტრაქტორების ქაოსური მართვა:
ერთსა და იმავე მარშრუტზე ერთი ქვეკონტრაქტორი ახორციელებს გადაზიდვებს 800 ლარად, ხოლო მეორე – 1,300 ლარად ხარისხში აშკარა სხვაობის გარეშე; კონტრაქტების მენეჯმენტის არარსებობა იწვევს ზარალს.
- ტვირთების დაგვიანებული მიწოდება:
ყოველ მე-5 გადაზიდვაში ფიქსირდება დაგვიანება 18 საათით ან მეტით, რაც იწვევს დამკვეთის უკმაყოფილებას, სანქციებს ან კლიენტების გადინებას.
- საწყობის დანაკარგები:
გაუმართავი სასაწყობო აღრიცხვის გამო რეგულარულად იკარგება ან ფუჭდება სასაწყობო ნაშთის 5–6% კვარტალში, რაც ასევე ზარალის გენერატორია.
- ტექნიკის უარყოფითი ამორტიზაციის სტრატეგია:
ძველი ავტოპარკის შენარჩუნება შეკეთების მაღალი ხარჯით (მაგ. შეკეთების ხარჯი 2 წლის განმავლობაში აღემატება აქტივის საბაზრო ღირებულებას და მისი ჩანაცვლების ხარჯსაც), თუმცა სწორი გადაწყვეტილება ვერ დასაბუთდება, რადგან არ ჩატარებულა სატრანსპორტო საშუალებების მომგებიანობის ანალიზი.
- შრომითი რესურსის დაბალი პროდუქტიულობა:
ერთი თანამშრომელი კვირის განმავლობაში ამუშავებს მხოლოდ 4 მიწოდებას, მაშინ როდესაც ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელი 6–7-ია. იმის გამო, რომ პროდუქტიულობის მაჩვენებელი არ იზომება – გადაწყვეტილებები მიიღება ინტუიციურად.
- მომგებიანობის არაზუსტი შეფასება:
კომპანია თვლის, რომ კონკრეტული მარშრუტი მომგებიანია, რადგან ბრუნვაა მაღალი, მაგრამ დეტალური მენეჯერული ანალიზი აჩვენებს, რომ მარშრუტის ხარჯები აჭარბებს მის შემოსავლიანობას.
რატომ ასრულებს ბუღალტრული და მმართველობითი აღრიცხვა გადამწყვეტი ფაქტორის როლს ლოგისტიკურ ბიზნესში
თანამედროვე ბიზნესში, განსაკუთრებით კი ლოგისტიკის სფეროში, სადაც ოპერაციული პროცესი კომპლექსურია, ხოლო ყოველდღიური ხარჯები – მაღალი, ბუღალტრული და მმართველობითი აღრიცხვა ასრულებს არა მხოლოდ ტექნიკურ ამოცანას, არამედ – კონკურენტული სტრატეგიის განხორციელების ფუნქციასაც. მენეჯმენტისთვის აუცილებელია არამხოლოდ ის, რომ იცოდეს კომპანიის საერთო მოგება ან წლიური ბრუნვა, არამედ ზუსტად ჰქონდეს განსაზღვრული:
- რომელი სერვისია რეალურად მომგებიანი;
- რომელი მარშრუტი ეყრდნობა სუბსიდირებას;
- რა მოგებას აგენერირებს სასაწყობო ფართზე დახარჯული თითოეული ლარი.
- სად იკარგება ფული.
მენეჯერული აღრიცხვა იძლევა პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც განსაზღვრავენ კომპანიის სიცოცხლისუნარიანობას. ის გარდაქმნის ბუნდოვან ბიზნესს ციფრებზე დაფუძნებულ, პროგნოზირებად და მართვად სტრუქტურად. ეს არ არის მხოლოდ „რა მოხდა“ – არამედ „რატომ მოხდა“ და „როგორ მივიღოთ უკეთესი შედეგი“
ქუდოს ჯორჯია ლოგისტიკურ და სატრანსპორტო კომპანიებს სთავაზობს თანამედროვე ბუღალტრული და მენეჯერული აღრიცხვის შემდეგ მძლავრ ინსტრუმენტებს:
- მენეჯერული ანგარიშგება ბანკებისთვის, ინვესტორებისთვის, მენეჯერებისთვის;
- მოგების და ზარალის დათვლა მომსახურების ტიპების, მარშრუტების, კლიენტების ან ბიზნეს მიმართულებების ჭრილში (მაგ: სრული დატვირთვით გადაზიდვა, კონსოლიდირებული ტვირთები, საწყობის მომსახურება, რეგიონული გადაზიდვები);
- ფულის მოძრაობის პროგნოზი სეზონურობის გათვალისწინებით;
- ხარჯების დანაწილება ოპერაციულ ერთეულებზე;
- საწვავის, სათადარიგო ნაწილების, განთავსების, გარე სერვისებისა და გეგმიური ტექნიკური მომსახურების ხარჯების პროგნოზირება და კონტროლი;
- შემოსავალ-ხარჯების დეტალური მონიტორინგი თითოეულ მანქანაზე, მძღოლზე, სასაწყობო ფართის ერთეულ კვ.მ.-ზე, ან თითოეულ კლიენტზე დაფუძნებით;
- პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების გამიჯვნა და სწორი ალოკაცია (მიკუთვნება) შესაბამის ოპერაციულ ერთეულებზე;
- აქტივების ამორტიზაციისა და ჩანაცვლების ფინანსური გათვლები;
- ქვეკონტრაქტორების შესრულებული სამუშაოების შედარებითი ანალიზი ეფექტიანობის, სისწრაფისა და თვითღირებულების მიხედვით;
- თითოეული მიმართულების ან დისტრიბუციის ხაზის რეალური მომგებიანობის დადგენა;
- სატენდერო შეთავაზებებისთვის მყარ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფინანსური გათვლების მომზადება;
- მარაგებისა და საწყობების ოპტიმიზაცია დანაკარგების, გადატვირთულობის ან არასრული დატვირთვის ანალიზის შედეგად;
- ამორტიზაციის, ლიზინგის, სადაზღვევო და ერთჯერადი კაპიტალური დანახარჯების ინტეგრაცია მენეჯერულ მოდელებში;
- ფინანსური ანგარიშგება ბანკებთან, ინვესტორებთან და დონორებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის;
- ფულადი ნაკადების პროგნოზი სეზონურობის გათვალისწინებით (მაგალითად: მესამე კვარტალში პიკი, ზამთარში შემცირება);
- პერსონალის პროდუქტიულობის, ბონუსების და სახელფასო ხარჯების მართვა ოპერაციულ შედეგებზე დაყრდნობით;
- NCTS სისტემის მართვის კონსულტაციებს;
- სტრატეგიული და საოპერაციო რეკომენდაციები: გაფართოვდეს თუ არა კონკრეტული სერვისი, შეიცვალოს ქვეკონტრაქტორი, გაიხსნას ახალი საწყობი, როდის ღირს გადაიარაღება, ახალი მარშრუტის გახსნა, ქვეკონტრაქტორის ან სასაწყობო ფართის შეცვლა.
შეჯამება
საქართველოს ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის სექტორი ვითარდება, მაგრამ ფირმები, რომელთაც არ დაუნერგავს მენეჯერული აღრიცხვა და ფინანსური კონტროლი – სრულად ვერ ფლობენ საკუთარ ბიზნესს. Kudos Georgia მზადაა, დარგის კომპანიებს დაეხმაროს ფინანსების მართვაში – ისე, რომ გადაწყვეტილებები აღარ იყოს ინტუიციური, არამედ – ზუსტი, მონაცემებზე დაფუძნებული და მომგებიანი. დაგვიკავშირდით: services@kudos.ge.
