პლატონმა დაახლ. ძვ. წ 375 წელს დაწერა ძალიან ცნობილი ნაშრომი – „სახელმწიფო“, რომელსაც დიალოგის ფორმა აქვს და მთავარი მოქმედი ფიგურა სოკრატეა. პლატონი „სახელმწიფო“-ში საოცრად აღწერს „მღვიმის ალეგორიას“, რომლის გამოყენება და გათვალისწინება, ზოგადად, ცხოვრებაში და მათ შორის, ფინანსურ მენეჯმენტშიც შეგვიძლია, თანაც ძალიან ეფექტურად.
მღვიმის ალეგორია
პლატონი თავის ნაშრომში „სახელმწიფო“ აღწერს ადამიანებს, რომლებიც ბავშვობიდან მღვიმეში არიან ჩაკეტილი. მათ ხელები და ფეხები ჯაჭვებით აქვთ შეკრული და მხოლოდ წინ, კედლისკენ იყურებიან. მათ უკან ანთია ცეცხლი, ხოლო ცეცხლსა და ადამიანებს შორის მოძრაობენ საგნები და ფიგურები, რომელთა ჩრდილები კედელზე აისახება.
მღვიმეში მყოფებს ეს ჩრდილები ჰგონიათ ნამდვილი სამყარო. ისინი მათ სახელებს არქმევენ, არჩევენ ერთმანეთისგან და თვლიან, რომ რეალობის სრული ცოდნა აქვთ.
ერთ-ერთი ადამიანი გათავისუფლდება. თავდაპირველად სინათლე თვალს სტკენს, საგნები აბნევს და ის წინააღმდეგობას უწევს ახალ რეალობას. მაგრამ ნელ-ნელა ხვდება, რომ ჩრდილები მხოლოდ ნამდვილის ანარეკლია. ბოლოს ის მზის შუქსაც ხედავს და აცნობიერებს, რომ მღვიმეში ნანახი სამყარო იყო შეზღუდული და მოტყუებითი.
ახლა კი მარტივად შევეცდები პარალელი გავავლო ფინანსურ მენეჯმენტში დაშვებულ შეცდომებზე, რომლებიც, თითქმის, ბევრ საშუალო თუ დიდი ზომის კომპანიებში გვხვდება. საქმე იმაშია, რომ ადამიანები როდესაც უყურებენ და განიხილავენ ფინანსურ მონაცემებს, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას მხოლოდ შედეგებს აქცევენ. მაგალითად, თუ მოგება-ზარალის ანგარიშგებაში უფიქსირდებათ მოგება/მოგებები, შესაძლოა, უბედნიერესები იყვნენ და იფიქრონ, რომ ბიზნესის მდგომარეობა უკვე კარგია და მიიღონ სამომავლო გადაწყვეტილებები სხვა ფაქტორების გაუთვალისწინებლად, რაც ხშირ შემთხვევაში, დამღუპველი აღმოჩნდება ხოლმე.
სწორედ ასეთ შედეგებს ვუწოდებ ხოლმე საგნების ჩრდილებს.
ჩრდილების სახით, ასევე გვევლინება ხოლმე: კომპანიის გაზრდილი ბრუნვები, ლამაზი ფინანსური რეპორტები, KPI-ები (Key Performance Indicator) კონტექსტის გარეშე და სხვა.
რა არის ცეცხლი ჩვენს მაგალითში? ცეცხლი – არასწორი სტიმულებია. სწორედ ცეცხლი ქმნის მღვიმეში არასწორ ჩრდილებს. ცეცხლი, რომელიც არასწორი მოტივაციაა მენეჯერისთვის, შესაძლოა იყოს მხოლოდ მოგების/შემოსავლის ზრდა, თანამშრომლების რაოდენობის შემცირება, პერსონალის გადატვირთვა, ხარისხის ხარჯების შემცირება, შრომის ანაზღაურების ხარჯად (და არა აქტივად) წარმოდგენა. ეს ყველაფერი, ხშირად, მხოლოდ მოკლევადიანია და გრძელვადიან პერსპექტივაში არანაირ სიკეთეს არ ქმნის. ფინანსურ მენეჯმენტში ყველაზე საშიში არა ცუდი შედეგებია, არამედ ცუდად/არასწორად მიჩნეული სტიმულები, რომლებიც კარგ შედეგებად გამოიყურება.
ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ყველა ის ადამიანი, რომელიც გარკვეულ შედეგებზე დაყრდნობით იღებს საოპერაციო თუ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, ვალდებულია დასვას შეკითხვა – რატომ? გააკეთოს მიგნება! ჩაწვდეს არსს! იკითხოს და ეძიოს პასუხი იმაზე, თუ რა ქმნის ამ შედეგებს. პლატონისეული ალეგორიის მიხედვით, უნდა დაინახოს რეალური საგნები და არა მათი ჩრდილები. ის ადამიანები, რომლებიც რეალურ საგნებს ხედავენ, ქმნიან წარმატებულ კომპანიებს და წინდაწინვე ხედავენ/აღიქვამენ შესაძლებლობებს, საფრთხეებს, რისკებს.
*საინტერესო მაგალითს გავიხსენებ (და მსგავსი ბევრი შემთხვევა იქნება), რომელიც ერთ-ერთ წარმატებულ ფირმას ეხება. დიდი ხნის განმავლობაში, კომპანია ძალიან კარგ შედეგებზე გადიოდა, ყველანაირი ფინანსური მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელი ჰქონდა და ბუნებრივია, კომპანიის დამფუძნებლებიც კმაყოფილები იყვნენ, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, გაირკვა, რომ ყველა შედეგი მხოლოდ ხელმძღვანელის შესაძლებლობების დამსახურება იყო, ყველა მიხვდა, რომ ამ ხელმძღვანელის წასვლის შემდეგ კომპანია ვერ იარსებებდა, რადგან სისტემა არ იყო შექმნილი. სისტემა იყო – ხელმძღვანელი. როდესაც დაისვა შეკითხვა, თუ როგორ და რატომ აღწევდა ფირმა ასეთ შედეგებს და გაირკვა მიზეზი, დაიწყო სისტემის შექმნა, რომელიც, როგორც ვიცი, წარმატებულად დასრულდა და დღეს ამ ფირმას ძალიან ბევრი რისკი აქვს წინასწარ დაზღვეული და უფრო დიდ შედეგებს აღწევს.
ამიტომაც არის უმნიშვნელოვანესი რეალური საგნების დანახვა, „რატომ“ კითხვის დასმა და შედეგების განმაპირობებელი ფაქტორების შეცნობა, ამის შემდეგ აღიარება და მუშაობის ხელახლა დაწყება. გადაწყვეტილების მიმღები უნდა დაემსგავსოს მღვიმიდან გამოსულ ადამიანს, რომელიც არ ამშვიდებს სხვებს, არამედ აზროვნებას აიძულებს.
გიორგი ბალესიაშვილი
